
სახელმწიფო გზების შეკეთების მოდელიდან გზების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადადის
23 ივნისი 2026საქართველოს მთავრობამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს წარუდგინა „საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებიც საფუძველს ქმნის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მართვისა და მოვლა-შენახვის თანამედროვე სისტემის დანერგვისთვის.
ბოლო წლებში საქართველოში მილიარდობით ლარის ინვესტიციით შეიქმნა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა. დღეს თანამედროვე ავტომაგისტრალი წარმოადგენს რთულ საინჟინრო სისტემას, რომელიც მოიცავს გვირაბებს, ხიდებს, უსაფრთხოების და მონიტორინგის სისტემებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ ელემენტებს. ასეთი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირება საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, პრევენციულ მოვლასა და სწრაფ ოპერატიულ რეაგირებას.
სწორედ ამიტომ, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ყველაზე რთული მონაკვეთის - აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის გორი-არგვეთის 105-კილომეტრიანი მონაკვეთის მოვლა-შენახვის ფუნქცია სრულად ან ნაწილობრივ მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით განახორციელოს.
აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 138 ხიდსა და 59 გვირაბს და ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.
ცვლილების მთავარი მიზანია სახელმწიფოს გადასვლა რეაგირების მოდელიდან მართვის მოდელზე. ახალი მიდგომა დაფუძნებული იქნება მაგისტრალის კონკრეტულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული აქტივების მუდმივ მონიტორინგზე, პრევენციულ მოვლასა და მათი სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებაზე.
ახალი მოდელის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე ტექნოლოგიების - GPS, GIS, SCADA და სხვა ციფრული სისტემების დანერგვა, რაც შესაძლებელს გახდის გზების მდგომარეობის რეალურ დროში მონიტორინგს და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებას.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილება, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს კანონით განსაზღვრულ არეალებში უნებართვო საქმიანობის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურებისა და დანაგვიანების ფაქტებზე. აღნიშნული ცვლილება დამატებით გააძლიერებს საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმებს.
რეფორმის შედეგად მოსალოდნელია გზების მოვლა-შენახვის პროცესის ეფექტიანობის ზრდა, მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავარიული რისკების შემცირება, ინფრასტრუქტურის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივება, გრძელვადიანი საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია და ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის მდგრადობისა და საიმედოობის ზრდა.
სახელმწიფოს მიერ შექმნილი ოპერატორი ორიენტირებული იქნება მხოლოდ გზების მოვლა-შენახვასა და მართვაზე. მას არ გადაეცემა მშენებლობის, პროექტირების ან ტექნიკური ზედამხედველობის ფუნქციები.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული საგზაო ქსელის საერთო სიგრძე 7087.37 კილომეტრია, საიდანაც 1517.1 კილომეტრი საერთაშორისო მნიშვნელობის გზებია, ხოლო 5570.27 კილომეტრი – შიდასახელმწიფოებრივი. შესაბამისად, 105-კილომეტრიანი მონაკვეთი მთლიანი ქსელის მხოლოდ 1.4 პროცენტს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენ 98.6 პროცენტზე მომსახურებას კვლავ კერძო სექტორი უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაახლოებით 63 მილიონი ლარის საწყისი კაპიტალური ინვესტიცია თანამედროვე ტექნიკის, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური სისტემების შესაქმნელად. ასევე დაგეგმილია 119 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკის შეძენა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების დროსაც იქნება გამოყენებული.
ინიციატივის მიზანია სახელმწიფოს მიერ შექმნილი მილიარდობით ლარის ღირებულების საგზაო აქტივების დაცვა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მრავალი ათწლეულის განმავლობაში.
